ახალი წელი საქართველოში სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. მეშვიდე საუკუნემდე ახალ წელს აგვისტოში აღნიშნავდნენ, მეშვიდე საუკუნიდან მეცხრე საუკუნის დამდეგამდე - სექტემბერში, შემდეგ - მარტში.
საქართველოში საახალწლოდ სხვადასხვა რიტუალი სრულდებოდა: ყურძნის უხვი მოსავლის მიღების მიზნით, საახალწლოდსაგანგებო პურს აცხობდნენ, რომელსაც ქართლში, იმერეთსა და რაჭაში ყურძნის მტევნის მოყვანილობა ჰქონდა. გურიაში კი კვერის სახით ცხვებოდა და აგუნას პური ეწოდებოდა. ახალ წელს ოჯახის უფროსი და სხვა წევრები დანთებული თაფლის სანთლებით, შედიოდნენ მარანში, საწნახელთან მიჰქონდათ ხაჭაპური, ღვინო და ღორის თავი. ოჯახის უფროსი ამობრუნებულ საწნახელს თოხის ან ნაჯახის ყუას ურტყამდა და სიმღერით ღვთაებას შესთხოვდა: "აგუნა, აგუნა გადმიარე, ბახვი, ასკანა, გადმოიარე, ჩვენს მამულში ყურძენი, სხვის მამულში ფურცელი, ჩვენს მამულში გოდორ-გოდორი, სხვის მამულში კიმპალ-კიმპალი" და ა.შ.. სიმღერა სამჯერ მეორდებოდა და ამის შემდეგ პატარა ტაბლას მიუსხდებოდნენ. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ კერპთთაყვანისმცემლობის დროს აგუნა ნაყოფიერებისა და სიუხვის მფარველად იყო მიჩნეული.
აგუნა-აგუნას მსგავსი წესი ჰქონდათ სამეგრელოშიც. საახალწლოდ გამომცხვარ ოთხ ხაჭაპურს გიდელში აწყობდნენ და გოგონას მარნისკენ ატანდნენ. ამავდროულად, პატარა ბიჭს მარნიდან ერთი დოქი ღვინო გამოჰქონდა და გოგონას შესახვედრად მიემართებოდა. შეხვედრისას იმართებოდა ჭიდილი, გამარჯვებულს მთელი ნადავლი მარანში შეჰქონდა, სადაც ოჯახის წევრები იყვნენ თავმოყრილნი. იწყებოდა სარიტუალო სმა-ჭამა, აქაც საწნახელს გადააბრუნებდნენ და აგუნას წლის ბარაქას ავედრებდნენ. ჭიდილში თუ ბიჭი გაიმარჯვებდა, იმ წელიწადს პურის და ღვინის მოსავალი კარგი იქნებოდა, თუ გოგონა - აბრეშუმისა და ყველა იმ მცენარის, რომელთაც ქალი უვლიდა.
დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ასეთი წესიც იყო - ახალი წლის დილას მამალს კოდავდნენ, ოჯახის უფროსი სახლს შემოუვლიდა და "ვაზის პურით", დოქი ღვინითა და დაკოდილი მამლით ვენახში მიდიოდა, უხვი მოსავლის თხოვნით ლოცვას აღავლენდა, შემდეგ ყვერულს მიწაში ჩაფლავდა, ვაზის პურს ღვინოს დააყოლებდა, ნაწილი კი მამალთან ერთად კვლავ სახლში მიჰქონდა. როგორც ჩანს, ვაზისა და მამლის ერთმანეთთან დაკავშირება, სიუხვისა და მოსავლიანობის სიმბოლოთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა.
No comments:
Post a Comment